საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, "სამოქალაქო კოდექსში" შესული ცვლილებები ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას არ აკნინებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"შესწორებები არაფრით არ აკნინებს მართმადიდებლურ ეკლესიას, ეს ყველაფერი თავიდან იქნა არასწორად მიღებული. კონკორდატი უნდა გაფორმდეს მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და ეს ჩავწერეთ მკაფიოდ", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
დეპუტატმა 2006 წელს სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში შეტანილი რეკომენდაცია გაიხსენა. სოზარ საუბარი კონკორდატის გაფორმებას სხვა რელიგიურ გაერთიანებასთანაც ითხოვდა, რაზედაც მაშინ პარლამენტმა უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებები მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა. ცვლილება რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.
საპატრიარქოსა და უმრავლესობას შორის გამართული კონსულტაციები აღნიშნულ საკითხზე უშედეგოდ დასრულდა. მმართველმა ძალამ საპატრიარქოს არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.