„ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს, ამერიკელ ხალხს ულოცავს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და ამერიკელ დიპლომატს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში ამერიკის საელჩომ გამოხატოს თავისი პოზიცია „ქართული პარტიის" წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
„ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მსოფლიოში დემოკრატიის ეტალონია, ვალდებულია, ორი კვირის განმავლობაში „ქართულ პარტიაში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს. მით უმეტეს, მაისის მოვლენების გათვალისწინებით, ამერიკის საელჩოს პოზიციის გამოხატვის კარგი გამოცდილება გააჩნია", - აღნიშნა „ქართული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა 5 ივლისს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.
ეროსი კიწმარიშვილის თქმით, თუ ამერიკის საელჩო საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებს, ქართულ საზოგადოებაში გაჩნდება სერიოზული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ის, რაც დღეს, საქართველოში ხდება, გარკვეულწილად ამერიკის ადმინისტრაციის მიერ არის მხარდაჭერილი.
ჯონ ბასის „გასაგონად", ეროსი კიწმარიშვილი ასევე აცხადებს, რომ „ქართული პარტია" ყველა საპროცესო მოქმედებაში ცივილიზებულ საზოგადოებაში დადგენილი ნორმებით მონაწილეობს.
„უახლოეს დღეებში დაგეგმილია პარტიის ლიდერების შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან, მომავალ კვირაში კი პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და შესაძლოა, სხვა რომელიმე ლიდერიც გაემგზავროს ევროპაში, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ევროკავშირისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, მათ მიეწოდებათ „ქართული პარტიის" წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ ყველა ინფორმაცია"- აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა.