იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი საპატრიარქოში კონსულტაციებს მართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.
მისი თქმით, საპატრიარქოსთან რელიგიური გაერთიანებების სტატუსის საკითხის შესახებ გამართულ პირველ კონსულტაციაში თავადაც მონაწილეობდა.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ლაშა თორიდია აცხადებს, ინიციატივაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ძეგლების და მე-19 საუკუნეში საქართველოს ანექსიისას დაზიანებული თუ გადაკეთებული ძეგლების საკითხის ჩადება სწორედ საპატრიარქოსთან გავლილი კონსულტაციების საფუძველზე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში" შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტის საბოლოო რედაქცია დღეს მესამე მოსმენისას გახდება ცნობილი. კანონპროექტი რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.
საპატრიარქო "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში" შესატანი ცვლილებების განხილვის შეჩერებას და მის საჯარო განხილვას ითხოვს.