„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" მხარს უჭერს საქართველოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II - ს პოზიციას რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურათან დაკავშირებით.
„სააკაშვილის რეჟიმის ჩვეული დაუფიქრებელი და დაჩქარებული წესით გადაწყვეტილებების მიღების პოლიტიკა, ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმედ აისახება ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო ურთიერთობებზე, ასევე საქართველოს მოქალაქეების ყოფაზე. მიგვაჩნია, რომ ასეთი საკითხები უნდა გახდეს საჯარო განხილვისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსესუსის საგანი.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ საგანგებო განცხადება გუშინ გაავრცელა. პატრიარქი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონის მიღების პროცედურის შეჩერებას ითხოვს.
განცხადებაში პოატრიარქი აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ 1-ელ ივლისს პირველი მოსმენით მიღებული კანონი რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ ეკლესიისა და, საერთოდ, ხალხისთვისაც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.
"მისი მეორე მოსმენა სავარაუდოდ ხვალისთვის, 5 ივლისისთვის, იგეგმება. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და კონსტიტუციური შეთანხმება წლების განმავლობაში იყო ფართო განხილვის საგანი და მას საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაუტარდა. თავის მხრივ,Eეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრების და მოვლაპატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ჩვენი ეკლესიის სტატუსის განხილვა არ დაწყებულა.
"ამის ფონზე, სრულიად გაუგებარია ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება საჯარო განხილვის გარეშე და ასეთი დაჩქარებული წესით.
მიგვაჩნია, რომ აუცილებალია შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა (მეორე და მესამე მოსმენა) და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები (თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში), რათა ჩამოყალიბდეს საერთო-საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსესუსი მართლამადიდებელ ეკლესიასთანაც, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს", - ნათქვამია პატრიარქის საგანგებო განცხადებაში.