აჭარის მთავრობამ მიზნობრივ პროგრამებში კორექტივები შეიტანა. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა 800 ათასი ლარით გაიზარდა, რაც დაგეგმილი 9 სკოლის გარდა, კიდევ 5-ის რეაბილიტაციის შესაძლებლობას იძლევა. სკოლების კაპიტალური რემონტი იგეგმება ბათუმსა და აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელი მთავრობის სხდომაზე გადაწყდა „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის" რეაბილიტაციის ხარჯების 6,5 მლნ. ლარით მატება და მისმა ბიუჯეტმა, ჯამში 32 მლნ-ს მიაღწია. სარემონტო სამუშაო დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.
ბოლო 4 თვის განმავლობაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ეკონომიით, ბიუჯეტი გაეზარდა „რესურსტევადი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების კომპონენტის" პროგრამასაც. წელს ამ პროგრამით უკვე 109 პაციენტის მკურნალობა დაფინანსდა და დღეისთვის კიდევ 44 ადამიანი გადის ჯანმრთელობის რეაბილიტაციის კურსს. ბიუჯეტში ცვლილების შედეგად, პროგრამით ნავარაუდევზე მეტი პაციენტი ისარგებლებს.
გარდა ამისა, აჭარის მთავრობამ დაამტკიცა 6 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის სტატუსის მინიჭების საკითხი. საუბარია ბათუმი (ანგისა)- ახალციხე-კირნათი, ქედა-მერისი-სალიბაური, ზომლეთი-ხიხაძირი, ხიჭაური-ნაღვარევისა და ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანა საგზაო მონაკვეთებზე.