საქართველო მზად არის მოლაპარაკება აწარმოოს ყველასთან ვისაც ოკუპირებული ტერიტორიების და დევნილების დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის მანდატი, ლეგიტიმაცია და რესურსი გააჩნია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ანქვაბის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
"საქართველო ყოველთვის მზად არის ყველანაირი სახის დიალოგი აწარმოოს. იცით თქვენ, ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით, რუსეთთან არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე მოლაპარაკებები გავმართოთ, რომელიც უკავშირდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და დევნილების დაბრუნების საკითხს", - აღნიშნა კალანდაძემ და აქვე დასძინა, რომ ქართული მხარე მზად არის ყველა დონეზე განიხილოს ეს საკითხები.
თუმცა კალანდაძე აქვე აღნიშნავს, ანქვაბის წინადადებას აფხაზეთის ლეგიტიმური წარმომადგენლის განცხადებად ვერ მიიღებს ქართული მხარე, რადგან მას ეს სტატუსი აფხაზეთის მოსახლეობისგან არ აქვს მინიჭებული.
"იმ პირობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგინები ოკუპირებულია, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული ე.წ. წარმომადგენლების მიერ იმართება და ისინი არ სარგებლობენ ოფიციალურ მანდატით, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობამ, მათ შორის დევნილების მიერ უნდა იყოს მონიჭებული, ქართული მხარე ანქვაბის განცხადებას ლეგიტიმური წარმომადგენლის წინადადებად ვერ მიიღებს", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, იგი, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობების დარეგულირებას მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლა-არწასვლის საკითხს არ უკავშირებს.