შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შეძენილ საქონელზე დღგ-ის თანხა დაუბრუნდებათ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ინიციატივა ეს ერთის მხრივ, ვაჭრობის განვითარებას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ, კი საქართველოში ჩამოსული უცხოელი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი დანაზოგი იქნება. დღგ საქართველოში 18 პროცენტია. დასაბრუნებელ დღგ-ის თანხას გამოაკლდება ბანკის მიერ გაწეული მომსახურების საკომისიო, თანხის 3 პროცენტი.
დღგ-ის თანხის დაბრუნება საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთამდე ხდება. უცხო ქვეყნის მოქალაქე მაღაზიაში საქონლის ყიდვისას გამოწერილ სპეციალურ ქვითარს წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს, რომელიც ქვითრის უნიკალური ნომრის მიხედვით შეამოწმებს მონაცემების სისწორეს ელექტრონულ სისტემაში.
საქონელი უნდა იყოს შეძენილი იმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება. სავაჭრო ობიექტებს ქვითრის გაცემის უფლებას შემოსავლების სამსახური ანიჭებს.
დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება საქონელზე და არა მომსახურებაზე.
დღგ-ის თანხის დაბრუნებას არ ექვემდებარება მალფუჭებადი საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, ოქრო (რომლის მასაც აღემატება 125 გრამს და რომელიც არ არის წარმოდგენილი სამკაულის (ნაკეთობის) სახით), ძვირფასი ქვები, საქონელი, რომლის გატანა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას, საქართველოს კანონმდებობით დღგ-საგან გათავისუფლებული საქონელი;
საქონელი უნდა იყოს მოთავსებული სპეციალურ დალუქულ პარკში. საქონლის გატანა უნდა მოხდეს ყიდვიდან არა უგვიანეს სამი თვისა.