„ქართული პარტიის" მიერ გავრცელებულ მიმართვას 11 პარტია უჭერს მხარს.
პარტიის მიმართვას - "შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება და წამება", შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები შეუერთდნენ: "ლეიბორისტული პარტია" - შალვა ნათელაშვილი, "ეროვნული ფორუმი" - კახა შარტავა, "რესპუბლიკური პარტია" - დავით უსუფაშვილი, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" - ირაკლი ალასანია, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" - ნინო ბურჯანაძე, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - გიორგი თარგამაძე, "ახალი მემარჯვენეები" - დავით გამყრელიძე, "ქართული დასი" - ჯონდი ბაღათურია, "მწვანეთა პარტია" - გია გაჩეჩილაძე, "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - გოგი თოფაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე და ლევან გაჩეჩილაძე, როგორც კერძო პირი.
„პოლიტიკური რეპრესიები რამდენიმე ათეულ მოქალაქეს შეეხო. ისინი სამართალდამცველებმა პარტიული ნიშნით დააკავეს, რის შემდეგაც მათ კანონმდებლობით გათვალისწინებული და აღიარებული უფლებების გამოყენების საშუალება არ მიეცათ. კერძოდ, დაკავებულებთან გარკვეულ პერიოდში მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს არ უშვებდნენ. გარდა ამისა, დაკავებულთა ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებული იყო როგორც ოჯახის წევრებისთვის, ისე სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის. როგორც მოგვიანებით ადვოკატებმა განაცხადეს, სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს მოკლებულ პირებს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასტიკად აწამეს. მაგალითად, მოქალაქე გოჩა ჩიხლაძემ წამების შედეგად გონება დაკარგა და სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიეყვანათ. ასეთი ძალადობრივი პოლიტიკის გატარების მიზანია, საქართველოში შიშისა და უნდობლობის ატმოსფერო შეიქმნას, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას ავტორიტარული მეთოდებით ქვეყნის მართვას გაუადვილებს. საკუთარი მოქალაქეების მიმართ ხელისუფლების არაჰუმანურ, უკანონო და დანაშაულებრივ მოპყრობას გადაჭრით ვგმობთ და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების წამების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოვითხოვთ. საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს მივმართავთ, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ, რათა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეების სამართლებრივი დევნა და რეპრესიები შეწყდეს", - აღნიშნულია მიმართვაში.