დღეს, 5 ივლისს, 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ოფისში (შევჩენკოს ქ. 12) დევნილთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე პრესკონფერენცია გაიმართება. საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ კოდორის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მუშაობს იმ პირების საქმეებზე, რომლებიც 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაზარალდნენ, დაკარგეს საცხოვრებელი სახლები და დარჩნენ უსახლკაროდ. ისინი ჯერ კიიდევ 1990-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო გახდნენ დევნილები და 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებამდე კოდორის ხეობაში ცხოვრობდნენ.
"მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ პირებს ეკუთვნით ერთჯერადი ფულადი კონპენსაცია 10 000 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარში. მათ შესაბამისი მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ. სწორედ აღნიშნული გარემოების გამო, "42-ე მუხლმა" მიმართა თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოვითხოვეთ მოსარჩელეთა სასარგებლოდ შესაბამისი კონპენსაციის გადახდის დავალება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მოსარჩელეები არ არიან 2008 წლის მოვლენების გამო იძულებით გადაადგილებული პირები", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოს დასაბუთება იურიდიულად არასრული და არასაკმარისია. თავად დევნილთა მიმართ კი ხორციელდება დისკრიმინაციული მოპყრობა, ვინაიდან დაზარალებული მოქალაქეების ნაწილმა, რომლებმაც, ასევე, 1990-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო მიიღეს დევნილის სტატუსი, ცხოვრობდნენ კოდორის ხეობაში და დაზარალდნენ 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად, უკვე მიიღო შესაბამისი კომპენსაცია.
"ამის გამო, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რა მიზეზით არ ხორციელდება დაზარალებულთა ნაწილისთვის კანონით დადგენილი თანხების გადახდა. "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში თბილისის სააპელაციო სასმართლოში გაასაჩივრებს", - აცახდებენ ორგანიზაციაში.