"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის გაზრდა ლეგიტიმური იქნება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო რეფერენდუმის შედეგებს გააუქმებს.
"2003 წელის 2 ნოემბერს საარჩევნო ყუთში ჩავარდა სამი ბიულეტენი და შესაბამისად სამი ოქმი დაიწერა - პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების და რეფერენდუმის. მაშინ უზენაესმა სასამართლომ რატომღაც მხოლოდ პროპორციული არჩევნების ოქმი გააუქმა და მაჟორიტარული და რეფერენდუმის შედეგები ძალაში დატოვა. გაუგებარია, თუ არჩევნები გაყალბდა მაშინ ეს შეეხებოდა სამივე ბიულეტინის. სასამართლოს მხრიდან ეს გადაწყვეტილება არაადეკვატური იყო", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, თავის დროზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დეპუტატების შემცირებას უკავშირდებოდა ვადების დარღვევით დამტკიცდა.
"მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ გვინდა გადავხედოთ პარლამენტში დეპუტატების რიცხოვნობას და გავზარდოთ, მაშინ ამისთვის აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მაშინდელი რეფერენდუმის ლეგიტიმაციის საკითხს განიხილავს", - აღნიშნავს ოპოზიციონერი დეპუტატი.
ამასთან, ვეფხვაძის შეფასებით, წინა მოწვევის პარლამენტი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებზე დღესაც და მაშინაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებს იყო.
"დარწმუნებული ვარ ამ საკითხზე კონსტიტუცინალისტებთან და იურისტებთან ერთად ძალიან ბევრი დებატები იქნება. ეს არის მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე მიღწეული შეთანხმების თანახმად საქართველოს პარლამენტში სადეპუტატო მანდატი 150-დან 190-მდე გაიზრდება.