ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიური ალიანსი თავისი მოქმედებებით ლიბიაში წარმატებით ახორციელებს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას. ეს განცხადება ნატოს გენმდივანმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.
"ლიბიელმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი. ნატო ლიბიაში კონკრეტულ ამოცანებს წყვეტს: მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შეწყვეტას და ასევე ჰუმანიტარული დახმარების მისაწვდომობას", _ განაცხადა რასმუსენმა. მისივე თქმით, ნატომ ძალიან კარგად იცის რუსეთის აზრი ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან მიმართებაში.
"ალიანსი ამ ოპერაციას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად ახორციელებს და ყველაფერს აკეთებს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ჩვენ წარმატებით ვასრულებთ ამ სამუშაოს და წინ ვუდგებით ლიბიელი ლიდერის მასობრივ მკვლელობებს. ჩვენ მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ ასე რომ რეზოლუცია წარმატებით ხორციელდება", _ აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.