დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობა მეტროსადგურ "ისანთან" გარემოვაჭრეების დარბევის ფაქტს უარყოფს. საკრებულოს "ადამიანის უფლებათა დაცვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის" თავჯდომარის კახა გურულის განცხადებით, თბილისის მერიის წარმომადგენლები გარემოვაჭრეებთან გასაფრთხილებლად მივიდნენ და იქ დარბევის ან დაშლის მსგავსი პრეცედენტი არ მომხდარა.
"თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები ყოველთვიურად აწარმოებენ მობიტორინგს გარევაჭრობასთან დაკავშირებით, რათა არ მოხდეს გარევაჭრობა აკრძალულ ადგილებში. გუშინაც, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციასთან ერთად მივიდნენ ისანში და გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, რომ აღნიშნულ ადგილებში გარევაჭრობა არ შეიძლება. დაშლა და მსგავსი ფაქტი არ მომხდარა", - განაცხადა გურულმა.
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" ინფორმაციით, გუშინ საღამოს ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დაარბიეს.
როგორც საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" წევრმა, ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გარემოვაჭრეებს თავს დაესხნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც ადგილზე სამარშუტო ტაქსით მივიდნენ.