"ქრისტიან-დემოკრატების" ინფორმაციით, გუშინ საღამოს ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დაარბიეს.
როგორც საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" წევრმა, ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გარემოვაჭრეებს თავს დაესხნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც ადგილზე სამარშუტო ტაქსით მივიდნენ.
"მათ გარემოვაჭრეებს დაურბიეს დახლები და წაართვეს პირადი ქონება, მათ შორის ჩანთები და ფული. დარბევა მოხდა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ასეთი ღონისძიება ითვალისწინებს წინასწარ გაფრთხილებას. ეს იყო სრული სამართალდარღვევა. მივმართავთ შსს-ს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე ობიექტური რეაგირება" - განაცხადა სამუშიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, "ქრისტიან-დემოკრატები" მერიას მიმართავენ და მოუწოდებენ, "იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გარევაჭრობით პურის ფულს შოულობენ, არსებობის ალტერნატიული გზები გამოინახოს".
სამუშიას მტკიცებით, დარბევის მონაწილეები მერიის თანამშრომლები იყვნენ.