„ქართული პარტიის" საფრანგეთში მცხოვრელი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მზადაა მის ირგვლივ ბოლო პერიოდში დაგროვილ ყველა შეკითხვას უპასუხოს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" „ქართული პარტიის" პრესსამსახურში განუცხადეს, ამ მიზნით ოქრუაშვილი სოციალურ ქსელ „facebook"-ის მეშვეობით ონლაინ-კონფერენციის მოწყობას გეგმავს.
„ონლაინ-კონფერენციის გამართვა მიმდინარე კვირას იგეგმება. აბსოლუტურად ყველა შეკითხვას, რომელიც საზოგადოებას ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აქვს, ის პასუხს გასცემს", - აცხადებენ პარტიაში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს მთავარი პროკურატურა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით შეიარაღებული ფორმირების შექმნაში ადანაშაულებს. აღნიშნული ბრალდების საფუძველზე ქვეყნის თავდაცვის ყოფილ მინისტრს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად უკვე მეორედ შეუფარდა.