პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "სახალხო კრებამ" მდუმარე აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მდუმარე აქციით შეახსენებენ რეჟიმს 40 დღის წინ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს და კიდევ ერთხელ აჩვენებენ მსოფლიოს, რომ ევროპაში გაჩნდა ახალი სისხლიანი დიქტატორი.
"26 მაისის მოვლენების შემდეგ, საქართველო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
„26 მაისის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში დამყარდა და ფესვს იდგამს ერთი კაცის დიქტატურა მთელს ქართველ ხალხზე. რუსთაველის გამზირზე დატრიალებულმა ტრაგედიამ საბოლოოდ ჩამოხსნა ნიღაბი დღევანდელ სააკაშვილის რეჟიმს. ეს იყო საჩვენებელი, სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის დაშინებას. სისხლი რომელიც დაიღვარა სამუდამოდ დარჩება ხელისუფლების ჯალათების სინდისზე. საქართველო გლოვობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ სადამსჯელო სისხლიანი სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა", - აღინიშნა აქციაზე.