"გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, ერთი შეხედვით, ძალიან კეთილშობილურად და ჰუმანურადაც გამოიყურება", - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის სხდომის შემდეგ მედიასთან შეხვედრაზე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას გააკეთა.
"რეზოლუცია, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისადმია მიძღვნილი და ერთი შეხედვით ძალიან კეთილშობილურად და ჰუმანურადაც გამოიყურება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თბილისის, სოხუმის, ცხინვალის, აშშ-ის, რუსეთის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანხმობით, დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად მოქმედებს ისეთი მექანიზმი, როგორიცაა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელზედაც ეს თემა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით განიხილება", _ აცხადებს ლავროვი და აღნიშნავს, რომ "თუ ქართველმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, რომ მოცემული ფორმატი მათ არ უხდებათ და მათ ამ საკითხის განხილვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სურთ, მაშინ იქ აუცილებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაპატიჟება, რათა პატივცემულმა დელეგატებმა ყველა მხარის პოზიცია მოისმინონ".
თუმცა, ლავროვით თქმით, რამდენჯერაც აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს, მათ აშშ-მ ვიზების მიცემაზე უარი უთხრა.
"უბრალოდ, არ იქნებოდა სასურველი, თბილისის მოქმედებების გამო ამ თემის განხილვა ჟენევის დისკუსიებზე შეწყდეს", _ აცხადებს ლავროვი.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას 57-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. როგორც გაერო იუწყება, რეზოლუციის წინააღმდეგ 13 ქვეყანა წავიდა, თავი კი 74-მა ქვეყანამ შეიკავა.
რეზოლუციაში დევნილთა ქონების ხელშეუხებლობის გარანტიებიც არის ჩადებული. რეზოლუციის თანახმად, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების უფლებები დაცული უნდა იყოს. ასევე აუცილებელი უნდა იყოს მათი ქონების ხელშეუხებლობა. გათვალისწინებულია ისიც, რომ უნდა დასრულდეს იძულებით დემოგრაფიული ცვლილებები. რეზოლუცია ასევე მოითხოვს, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის, დევნილებისთვის და სხვა პირებისთვის შეუფერხებლად განხორციელდეს ჰუმანიტარული საქმიანობა.