საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ერიკ ფურნიეს განცხადებითმ რუსეთისთვის ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდ "მისტრალის" მიყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
"მომხმარებელი, როგორც წესი პროდუქციით ინტერესდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკვე არსებობს გაყიდვის შესახებ შეთანხება. მაგალითად, როცა მიდიხარ საფუნთუშესში ათვალიებენ ნამცხვრებს, მაგრამ არც საფრანგეთსა და არც რუსეთს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია", - განუცხადა ფურნიემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდის "მისტრალის" შეძენა სურს. რუსეთის საზღვაო ძალების მეთაურმა ვლადიმერ ვისოცკის განცხადებით, "მისტრალის" კლასის ხომალდის ყოლის შემთხვევაში რუსეთის საზღვაო ძალებს საშუალება ექნებოდათ უფრო ეფექტური ოპერაცია განეხორციელებინათ შავ ზღვაზე საქართველოსთან შარშანდელი აგვისტოს ომის დროს. მან ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ ხომალდს მხოლოდ 40 წუთი დასჭირდება იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 26 საათში ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდი "მისტრალი" ამავე დროს ვერტმფრენმზიდიცაა.