პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ორგანიზებით, მეცამეტე ხელფასის მოთხოვნით, მასწავლებლები საპროტესტო აქციებს თელავშიც გამართავენ.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს პედაგოგთა პროფკავშირებში განუცხადეს, თუ ხელისუფლება მასწავლებელთა ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და მათ პრეზიდენტის დანაპირებს - მეცამეტე ხელფასს არ მისცემენ, შეიქმნება საგაფიცვო კომიტეტი და საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თელავშიც, პედაგოგები შიმშილობის აქციებსა და გაფიცვებს დაიწყებენ.
როგორც ცნობილია, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ინიციატივით, საქართველოში მასწავლებელთა 50 ათასი ხელმოწერა შეგროვდა, რომლითაც ისინი მეცამეტე ხელფასის გაცემას ითხოვენ. მასწავლებლებმა, გუშინ თოკზე ასხმული 50 ათასი ხელმოწერის ასლის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და პარლამენტის შენობის ირგვლივ განალაგეს.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის გაცხადებით, პრეზიდენტის განმარტებით, ეკონომიკური კრიზისის დაძლევასთან ერთად ყველა დასახული გეგმა სრულად განხორციელდება.