გერმანია ელოდება, რომ ესპანეთი ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის ვალდებულებას შეასრულებს და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას გააძლიერებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 31 ივლისს განაცხადა მას შემდეგ, რაც ერთ დღეში დაახლოებით 60 ათასი მიგრანტი შეიჭრა ესპანეთის ანკლავ სეუტაში, რომელიც აფრიკის სანაპიროზე, გიბრალტარის სრუტესთან მდებარეობს და მაროკოს ესაზღვრება.
„ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში არსებულ ვითარებაზე. ამიტომ მივესალმები ესპანეთის განზრახვას, არ დაუშვას უკანონო მიგრანტების შეღწევა ევროპის კონტინენტზე“, - განაცხადა მერცმა და აღნიშნა, რომ მადრიდის მთავრობასთან კონტაქტს ინარჩუნებს.
„მაროკოსგან ველით, რომ ის დაუყოვნებლივ დაიბრუნებს უკანონო მიგრანტებს“, - აღნიშნა მან.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მისასალმებელია, ამ საკითხში ევროკომისიისა და ევროკომისარ მაგნუს ბრუნერის მხრიდან მხარდაჭერა.
„ივნისში მიღებული დაბრუნების რეგულაცია ახლა დაუყოვნებლივ და სრულად უნდა ამოქმედდეს“, - დასძინა მერცმა.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს ევროპარლამენტმა დაამტკიცა ახალი რეგულაცია იმ უცხოელების დეპორტაციის შესახებ, რომლებმაც ევროკავშირში თავშესაფარზე უარი მიიღეს, თუმცა საკუთარ ქვეყნებში მათი გაძევება ვერ ხერხდება. რეგულაციას მხარი დაუჭირა 666 დეპუტატიდან 418-მა, წინააღმდეგი იყო -218, ხოლო 30-მა თავი შეიკავა. წესები ითვალისწინებს მესამე ქვეყნებში სპეციალური განთავსების ცენტრების შექმნას.