სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის, არ არსებობს საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მოლაპარაკებების გზით არ შეიძლება. როგორც ნალბანდიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ორ ქვეყანას შორის არ არსებობს საკითხი, რომელზეც ვერ შეთანხმდებიან. თავის მხრივ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრები ხშირად იმიტომ იმართება, რათა საქართველოსა და სომხეთს შორის ის ურთიერთობა შენარჩუნდეს, რომელიც დღეს არის.
"ჩვენ მოლაპარაკებულები ვართ, რომ შევხვდეთ არა წელიწადში ერთხელ, არამედ გაცილებით უფრო ხშირად. ამ შეთანხმებას პირწმინდად ვასრულებთ. ხანდახან ისმის ხოლმე შეკითხვები, იმდენად პრობლემატური საკითხები გაქვთ, რომ ამ სიხშირით გიწევთ შეხვედრაო? ზუსტად იმისთვის, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არ იყოს არავითარი პრობლემა, ზუსტად ამიტომ ვხვდებით მე და ჩემი კოლეგა ბატონი ედვარდ ნალბანდიანი", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი ურთიერთობის ყველა აქტუალურ საკითხს შეეხო.
"ვილაპარაკეთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა აქტუალურ საკითხზე. იმ თანამშრომლობაზე, რომელიც დღეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არის. მინდა ვთქვა, რომ ორ სახელმწიფოს შორის არასოდეს ყოფილა ისეთი ურთიერთობები, როგორიც ახლაა. თუმცა ჩვენ ურთიერთობები არასოდეს არ გვქონია. ამაში უზარმაზარი წვლილი აქვთ შეტანილი ორი ქვეყნის პრეზიდენტებს. კონკრეტულად ვილაპარაკეთ უმაღლეს დონეზე ვიზიტებზე, ვილაპარაკეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობაზე, ვილაპარაკეთ, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი თანამშრომლობა ტრანსპორტის, ეკონომიკისა და სხვა საკითხებში. საუბარი შეეხეო ჰუმანიტარულ ასპექტებსაც, მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურის კვირეულის ჩატარებაზე", - აღნიშნა ვაშაძემ.