„ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" „ახლების" პრესსამსახურიდან აცნობეს, გამყრელიძე უკვე მეორე დღეა ვაშინგტონში IDU-ს (საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი- მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების მსოფლიო გაერთიანება) აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობს. ღონისძიებას ამერიკის რესპუბლიკური პარტია მასპინძლობს.
ღონისძიების ფარგლებში დავით გამყრელიძემ ორმხრივი შეხვედრებიც გამართა, მათ შორის ამერიკის რესპუბლიკური პარტიისა და ევროპული მემარჯვენე პარტიების წარმომადგენლებთან. შეხვედრა შედგა სენატორ ჯონ კილთან, სენატორ ჯონ მაკკეინთან, რესპუბლიკური პარტიის ლიდერ ჯონ ბოენერის ადმინისტრაციის უფროს ბარრი ჯექსონთან, სხვადასხვა გავლენიან ამერიკელ ექსპერტსა და ანალიტიკოსთან, მათ შორის AEI ( American Enterprise Institute) პრეზიდენტ არტურ ბრუქსთან და ვიცე პრეზიდენტ დანიელა პლეტკასთან.
„საუბრები შეეხო საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს, დემოკრატიის და კონკრეტულად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრობლემებს. განხილულ იქნა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. საუბარი იყო აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე, კერძოდ მაღალ ინფლიაციასა და ბაზრის მონოპოლიზირების სახიფათო ტენდენციებზე", - აცხადებენ პარტიაში.
დავით გამყრელიძე საქართველოში 1 ივლისს დაბრუნდება.