მედიაზე ზეწოლის ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის სახელზე მიმართვა შეიმუშავეს.
"პარლამენტის რეგლამენტის 54-ე მუხლის მეორე პუნქტის გ-ქვეპუნქტის თანახმად, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის, თავისუფალ მედიაზე ზეწოლის, მედიის სხვადასხვა საშუალებების ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის და 20011 წლის 26 მაისის დროს ზღვარგადასული სისასტიკის გამოვლინების ფაქტების, (რომელსაც მოჰყვა უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი) შესწავლის მიზნით გთხოვთ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დააყენოთ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი", - ნათქვამია ბაქრაძისადმი შემუშავებულ მიმართვაში, რომელიც დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააჟღერა.
მისივე თქმით, მიართვა პარლამენტის თავმჯდომარეს მას შემდეგ გადაეგზავნება, როცა 30 ხელმოწერა შეგროვდება.
ამ დროისთვის კი, საგამოძიებო კომისიის შემქმნის მოთხოვნას ხელს ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატი - "ქართული დასის" ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, ოპოზიციონერი დეპუტატები პეტრე მამრაძე, თამაზ დიასამიძე, კარლო კოპალიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და გია ცაგარეიშვილი აწერენ.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ავტორების თქმით, კომისიის შექმნას მხარს ასევე ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი რომან მარსაგიშვილიც უჭერდა, თუმცა, როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მიმართვას ხელს არ აწერს.
"ამის შესახებ არც არაფერი ვიცოდი და ეს თემა არც ამინტერესებს", - აღნიშნა მარსაგიშვილმა, რომელიც ამჟამად ყაზბეგის რაიონში იმყოფება.