ოპოზიციონერი დეპუტატები მედიაზე ზეწოლის ფაქტების საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუს უკვე გააცნეს.
"ეს არ იქნება კონკრეტულად ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება, ჩვენ გამოვიძიებთ, როგორც ხელისუფლების მხრიდან მედიაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს, ასევე კერძო პირებისა და ოპოზიციის მხრიდან ჟურნალისტური საქმიანობის ხელშემშლელ ფაქტებსაც", - განაცხადა ბაღათურიამ და საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, 2007 წლის ნოემბრის მოვლენებიდან დაწყებული 26 მაისს აქციის დარბევით დასრულებული მედიაზე ზეწოლის არცერთი ფაქტი არ არის გამოძიებული.
"ზოგიერთ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა კონკრეტული შედეგი არ არის და არც არვინ არ დასჯილა", - აღნიშნა ბაღათურიამ.
ბაღათურიას ინიციატივას პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები პეტრე მამრაძე, თამაზ დიასამიძე, კარლო კოპალიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და გია ცაგარეიშვილი უერთდებიან.