ამერიკის შეერთებულ შტატებში "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის ვიზიტი გრძელდება. გიორგი თარგამაძე სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. მხარეებმა უსაფრთხოების თემატიკაზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ ისაუბრეს.
"სენატორმა მაკკეინმა შეხვედრაზე ღიად დააფიქსირა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეების გადაჭრის გზაზე აშშ-ს მტკიცე პოზიციის მნიშვნელობაზე. სენატორმა ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობას, რაც პროცესების თანმიმდევრულად პროგრესულ და პლურალისტულ გარემოში გრადაციას გულისხმობს," - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
ინდივიდუალური შეხვედრების პარალელურად „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ვაშინგტონში საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) აღმასრულებელთა შეკრებაში მონაწილეობდნენ.
აშშ-ში უმცირესობის ლიდერის ვიზიტი ხვალ, 30 ივნისს დასრულდება, შემდეგ კი გიორგი თარგამაძე გერმანიის მმართველი "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" მიწვევით და "კონრად ადენაუერის ფონდის" ორგანიზებით ვიზიტს ბერლინში გააგრძელებს.