ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ბარამიძე უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დემოკრატიული გარდაქმნის საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა სესიაზე: „აღმოსავლეთ პარტიორობის სახელმწიფოები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეული წარმატებები და არსებული პრობლემები".
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს"ვიცე პრემიერის აპარატიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბარამიძემ მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ მინისტრთან, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან იური ლენკასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. როგორც ბარამიძის უწყება იუწყება, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, დასავლური ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.
ბარამიძემ ორმხრივი შეხვედრა უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან იანოშ მარტონისთანაც გამართა. შეხვედრაზე გიორგი ბარამიძემ უნგრეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის. ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ბიზნეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხებზე, საქართველოს მთავრობის ხედვაზე ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა უნგრეთის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის მიერ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა. გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი აქტიური განხორციელების უნიკალურ შესაძლებლობად აღმოსავლეთ პარტნიორობის (Eასტერნ Pარტნერსჰიპ) მეორე სამიტს განიხილავს, რომელიც უნგრეთისა და პოლონეთის საერთო პატრონაჟით ა.წ. სექტემბერში გაიმართება.