საქართველოში სამუშაო-გაცნობითი ვიზიტით ესპანეთის სამეფოს საგანგებო დავალებათა ელჩი სამხრეთ კავკასიაში, მარია ვიქტორია სკოლა და ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ხოსე ლუის პარდო იმყოფებიან.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრები მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძესთან და სამინისტროს დეპარტამენტების დირექტორებთან. განხილულ იქნა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ფართო სპექტრი.
შეხვედრის დროს ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და საქართველოს მიერ წარმატებით გახორციელებულ რეფორმებზე.
ვიზიტის ფარგლებში ესპანელი დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.