ქართულმა მხარემ შვეიცარიას რუსეთისთვის გადასაგზავნი ოფიციალური ნოტა უკვე გადასცა.
ამ მიზნით უწყებაში საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გუნტერ ბეხლერი იმყოფებოდა, რომელიც
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ მიიღო.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, ნოტაში საუბარია საქართველოს მხარის მზადყოფნაზე დაიწყოს მოლაპარაკებები „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" რუსეთის ფედერაციის მიერ გაეროს კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებზე.
ნოტაში აქცენტი არის გაკეთებული რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ შემდეგ დარღვევებზე: 1. ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან დევნილი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლების აღკვეთა; 2. 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებამდე რუსეთისა და მარიონეტული რეჟიმების მიერ კონტროლირებად ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე დისკრიმინაცია, რომელიც მოიცავდა ეთნიკურად მოტივირებულ ძალადობასა და საკუთრების განადგურებას; განათლების, კულტურული და ენობრივი უფლებების შელახვას; თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და უკანონო პასპორტიზაციას.
3. 2008 წლის აგვისტოსა და მის შემდეგ ცხინვალისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების ეთნიკური წმენდა;
4. 2008 წლის აგვისტოში ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან დევნილი ეთნიკური ქართველების დაბრუნების უფლების აღკვეთა;
5. რუსეთის მიერ ოკუპირებულ და კონტროლირებად ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია, რომელიც მოიცავს ეთნიკურად მოტივირებულ ძალადობასა და ქონების განადგურებას; განათლების, კულტურული და ენობრივი უფლებების შეზღუდვას; თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და უკანონო პასპორტიზაციას.
შეგახსენებთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას, შემდეგ, რაც 2011 წლის პირველ აპრილს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც დაადასტურა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დავის არსებობა, თუმცა მიუთითა კონვენციით გათვალიწინებული მექანიზმით, მოდავე მხარეებს შორის პირისპირ მოლაპარაკების გამართვის აუცილებლობაზე.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე და მას შემდეგ, მრავალჯერ შეეცადა რუსეთთან არსებული დავების მოგვარებას, თუმცა საქართველოს ამ ინიციატივას რუსეთის მხრიდან ადეკვატური გამოხმაურება არ მოჰყოლია.