28 ივნისს, 12:00 საათზე, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კვლევას წარადგენენ. ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია მმართველი პარტიის ახალ ინიციატივაზე, რომლის თანახმად, საარჩევნო სისტემის რეფორმის შეთანხმებაზე ხელისმომწერი პარტიები მომავალი არჩევნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარით დაფინანსდებიან.
კვლევა მოიცავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ანგარიშში გაანალიზებულია იმ პარტიების წლიური შემოსავლები და ხარჯთაღრიცხვა, რომელთაც 2010 წლის 30 მაისის არჩევნების შედეგად გადალახეს ბარიერი და მოიპოვეს მანდატები.
კვლევა ეყრდნობა 2007-2010 წლების მონაცემებს და დეტალურად აღწერს: რა ოდენობის თანხების მოზიდვა შეძლეს პარტიებმა არჩევნების დროს და არჩევნების პერიოდში; რა წყაროებიდან ფინანსდებოდა პარტიები; როგორ დაიხარჯა აღნიშნული თანხები; რამდენად კანონიერი იყო ამ თანხების მოზიდვა და ხარჯვა.
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში პარტიათა დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა გაუმჯობესებას საჭიროებს. დღეისთვის არ არსებობს ორგანო, რომელიც გააკონტროლებს პარტიების დაფინანსების კანონთან შესაბამისობის საკითხებს; არ არის დადგენილი, თუ ვისი კომპეტენციაა პარტიების მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული საფინანსო დეკლარაციების შემოწმება; არ არსებობს პარტიათა ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების ერთიანი ფორმა; არ არის განსაზღვრული, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკურ პარტიებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფინანსურ ანგარიშებს არასრულად ან ხარვეზებით წარადგენენ.
საინტერესოა, როგორ ნაწილდება დაფინანსება პოლიტიკურ პარტიებზე. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას მხოლოდ ფიზიკური პირებისგან იღებენ. ბიზნესკომპანიები კი მხოლოდ მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების საარჩევნო კამპანიებს აფინანსებენ.
ანგარიშის დასკვნით ნაწილში მოცემულია რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.