აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ახალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირში გაერთიანების ინიციტივით, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის დირექტორი აჰმედ შირინოვი გამოდის.
აჰმედ შირინოვი აღნიშნავს, რომ ამ იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შეთავაზებული იქნეს თურქეთისათვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის კავშირის შექმნა, იგივე პრინციპების საფუძველზე, რა პრინციპებითაც ევროკავშირია შექმნილი ანუ შეიქმნას ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცე - ერთიანი ვალუტით და ერთიანი საბაჟო სივრცით საზღვრებზე შიდა კონტროლის გარეშე და ა.შ. რაც ასევე მოითხოვს ერთიანი პარლამენტის, მთავრობისა და სხვა საკოორდინაციო სისტემების შექმნას.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ რა სარგებელი ექნება აზერბაიჯანს ამგვარი კავშირის შექმნით აჰმედ შირინოვი პასუხობს, რომ აზერბაიჯანის სარგებელი ამგვარი კავშირის შექმნით თვალნათელია: "უპირველეს ყოვლისა ეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან სომხეთის სრული პოლიტიკურ-ეკონომიკური იზოლაციაა, ასევე მისი საბოლოო გეოპოლიტიკური გამოყოფაა ძირითადი პარტნიორისგან - რუსეთისგან. საქმე იმაშია, რომ თუ შემოღებული იქნება ახალ კავშირში შესვლა-გამოსვლის საერთო პრინციპები, აზერბაიჯანს საშუალება ექნება დააყენოს მოთხოვნა არსებითი შეზღუდვების დაწესებისა სოხეთის მოქალაქეებისათვის ყველა აქედან გამომდინარე შედეგით", _ აცხადებს სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის დირექტორი და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება ეკონომიკური მოგების თვალსაზრისს, მისივე აზრით, აქაც ყოველივე თვალნათელია.
"აზერბაიჯანი ახლა ავითარებს თავის წარმოებას და ერთიანი ბაზრის არსებობა, ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ გაფართოებას", _ აცხადებს შირინოვი.
ხოლო რაც შეეხება საქართველოსა და თურქეთს, შირინოვის აზრით, ამ უკანასკნელისათვის ეს იქნება საშუალება, უპირველეს ყოვლისა, შექმნას ალტერნატიული კავშირი თავისი მონაწილეობით იმისათვის რათა კიდევ ერთხელ აჩვენოს ევროკავშირს, რომ თურქეთი არის საიმედო და ერთგული პარტნიორი თანამედროვე დაგეგმარებისა და განვითარების საკითხებში. "ეკონომიკური მოგება აქაც თვალსაჩინოა", _ აცხადებს სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის დირექტორი და აღნიშნავს, რომ საქართველოზე კი უკვე საუბარიც ზედმეტია.
რაც სეეხება საქართველოს, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ"იგი საერთოდ, აზერბაიჯანისა და თურქეთის წყალობით არსებობს, ასე, რომ ჩემი აზრით იგი ამ ორ ქვეყანაზე მეტად მოიგებს".
მისივე აზრით, ახალ კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა რეგიონის ყველა ქვეყანას ექნება. რა თქმა უნდა ეს ღია კავშირი იქნება და "იგი კიდეც უნდა იყოს ღია მათთვის, ვინც პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და ამ კავშირის სხვა წევრების ტერიტორიულ მთლიანობას".