მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შოთა ჯამასპიშვილმა პრესკონფერენციაზე სოფელ ჯაფარიძის მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
ჯამასპიშვილის თქმით, სოფელში წყალგაყვანილობის სისტემა მოძველებულია და ამის გამო, მოსახლეობის ნაწილს წყალი მხოლოდ კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ მიეწოდება. მოძრაობის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, ასეთი მდგომარეობის გამო, ჯაფარიძის მკვიდრნი იძულებულნი არიან, სარეცხისა და სხვა საჭიროებებისთვის დაგროვილი წვიმის წყალი მოიხმარონ.
ჯამასპიშვილის განცხადებით, წყალგაყვანილობის პრობლემის მოგვარება ადგილობრივ ხელისუფლებას შეეძლო არსებული ბიუჯეტის ფარგლებში _ სოფელ ჯაფარიძეს 20 ათასი ლარი ჰქონდა გამოყოფილი და ამ თანხით საკითხის გადაჭრა მოხერხდებოდა.
"თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფლის მოსახლეობის აზრი არ გაითვალისწინა", _ განაცხადა ჯამასპიშვილმა.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ არჩევნების წინ ხელისუფლების წარმომადგენლები ჯაფარიძის მოსახლეობას სტადიონის გაკეთებასაც დაჰპირდნენ, მაგრამ დაპირება დღემდე არ შესრულებულა.