სამართალდამცველებმა რამდენიმე მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს და პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დააკავეს 56 წლის ვენერა ობოლაშვილი.
შსს-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შედიოდა კონტაქტში მარტოხელა ადამიანებთან, ცდილობდა მათი ნდობის მოპოვებას, რის შედეგადაც თაღლითური გზით იფორმებდა მათ კუთვნილ ბინებს, შემდგომი რეალიზაციისთვის. მიზნის მიღწევისას კლავდა ბინის მეპატრონეს.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 1984 წელს ვენერა ობოლაშვილმა მოკლა მასთან ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი იური იურკინი და მისი ბინა გაყიდა 4000 ამერიკულ დოლარად; 2008 წელს ობოლაშვილმა მოკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ანატოლი კალინკა და მისი ბინა 50 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა; 2009 წელს მოკლა 79 წლის მარია არზამასევა და მისი ბინა გაყიდა 20 000 ამერიკულ დოლარად.
დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 362-ე მუხლებით. გამოძიებას აწარმოებს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო.