შეკრებებსა და მანიფესტაციებში ჩარევასთან დაკავშირებით მთავრობის უფლებამოსილება კონკრეტდება.
"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მხრიდან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრული გადაკეტვის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობა ან განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იყო ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო, თუ შეკრების და მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების და მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელი იყო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად საკანონმდებლო ინიციატივაში მთავრობის უფლებამოსილება დაკონკრეტდა. კერძოდ კი, პროექტში აღნიშნული ნორმა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა - შეკრებების ან მანიფესტაციების მონაწილეთა მხრიდან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრული გადაკეტვის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება, თუ შეკრების და მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების და მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.
თუმცა როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო არ ან ვერ ახორცილებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემთხვევაში.
იმ შემთხვევაში, თუ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია და კანონით დადგენილი წესებია დაცული, არც ადგილობრივ თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და არც მთავრობას მისი შეზღუდვის უფლება არ აქვს.