რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ყაზანში ჩავიდა, იგი იქ აზერბაიჯანისა და სოხმეთის პრეზიდენტებს უნდა შეხვედეს, რომელთაგანაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის რეგულირების ძირითადი პრინციპების შეთანხმებას ელიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში უკვე გამოხატა იმედი, რომ ეს შეხვედრა გადამწყვეტი და 17 წლიანი კონფლიქტის მოგვარების დასაწყისი გახდება.
აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღვოდა მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელმაც, კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "კიდევ უფრო დააახლოვა მხარეთა პოზიციები".
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ძირითადი პრინციპები, ე.წ. მადრიდის პრინციპები აზერბაიჯანსა და სომხეთს საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯერ კიდევ 2007 წელს წარუდგინეს. გასულ წელს, კი შუამავლებმა ასევე ორივე მხარეს ამ პრინციპების განახლებული ვარიანტი გადასცეს.
მადრიდის პრინციპები გულისხმობს: აზერბაიჯანისათვის მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული ტერიტორიების დაბრუნებას, მთიანი ყარაბაღის გარდამავალ სტატუსს, რომელიც უსაფრთხოებისა და თვითმმართველობითაა უზრუნველყოფილი, დერეფანს, რომელიც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს აერთებს, მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრისათვის რეფერენდუმის ჩატარებას იურიდიულად სავალდებულო დევნილების დაბრუნების პირობით, უფლებას ყველა გადაადგილებული პირისა დაბრუნდეს ადრინდელ საცხოვრებელ ადგილზე, საერთაშორისო უსაფრთხეობის გარანტიებს, სამშვიდობო ოპერაციის ჩათვლით.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც უმეტესად სომეხი ეროვნების მოსახლეობით დასახლებულმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. 1991 წელს სტეპანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნის შესახებ განცხადება გაკეთდა. ამის შემდეგ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი 1994 წლის 12 მაისამდე გაგრძელდა, როდესაც ძალაში ზავი შევიდა, შედეგად აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიანი ყარაბაღზე და მის ირგვლივ მდებარე შვიდ რაიონზე.
მასალის გამოყენების პირობები