"ქრისტიან-დემოკრატები" მიმდინარე წლის ბიუჯეტში ბუნებრივი კატაკლიზმების პრევენციისთვის გამოყოფილი თანხის გადახედვას ითხოვენ. ამის შესახებ დღეს "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
"ხარაგაულის რაიონში ძალიან რთული მდგომარეობაა, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს პრობლემები მაქსიმალურად მოაგვაროს. დარწმუნებული ვარ, როგორც კი გამოთავისუფლდება ტექნიკა, ცენტრალური მაგისტრალიდან მოახერხებენ ხეობებში შესვლას, სადაც რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს", - აღნიშნა თარგამაძემ.
დეპუტატმა ბიუროს წევრებს შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია კარგად ჩამოყალიბებული, გააზრებული და სტიქიური მოვლენების პრევენციისთვის სწორი საბიუჯეტო პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან.
"მიმაჩნია, რომ გადასახედია მიმდინარე ბიუჯეტის მუხლები. მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა უკვე მიმდინარეობს და სამწუხაროდ, სტიქიური მოვლენების პრევენციისთვის კვლავ მწირი დაფინანსებაა ჩადებული. ამ საკითხზე შეიძლება კოსესუსს მივაღწიოთ, იმ ტრაგედიიდან და ზარალიდან გამომდინარე, რომელსაც ყოველწლიურად ვიღებთ", - აცხადებს თარგამაძე.