დღეს, 15 დეკემბერს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ნესტან კირთაძე ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთში მიემგზავრება.
კეთილმეზობლური ურთიერთობების პოლიტიკის ფარგლებში ნესტან კირთაძის სამუშაო ვიზიტის დროს იგეგმება შეხვედრები სომხეთის პოლიტიკური და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიან ელჩთან სომხეთის რესპუბლიკაში_ბატონ ვიაჩესლავ კოვალენკოსთან, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდე რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო საქართველოში.
კეთილმეზობლური ურთიერთობების პოლიტიკის ფარგლებში სომხეთის შემდეგ დაგეგმილია და მზადდება ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივნის ნესტან კირთაძის სამუშაო ვიზიტები აზერბაიჯანში, თურქეთსა და ირანში.
"სომხეთის რესპუბლიკაში ჩემი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ლეიბორისტული პარტია კეთილმეზობლური ურთიერთობების პოლიტიკის ფარგლებში იწყებს, განავითარებს და გააღრმავებს ურთიერთობებს ყველა მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკურ, აკადემიურ და ეკონომიკურ წრეებთან, აგრეთვე, ქართულ დიასპორებთან ამ ქვეყნებში. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი კეთილმეზობლური ურთიერთობების პოლიტიკაა მეზობელ ქვეყნებთან და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პოპულარული პოლიტიკური პარტიის, ლეიბორისტული პარტიის ამ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის, აგრეთვე მთელი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისათვის გადადგმული ნაბიჯი", _ განაცხადა გამგზვრების წინ ნესტან კირთაძემ.