პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს საქართველოს კარგი ელჩი იქნება ორგანიზაციაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ გჟეგოჟ სხეტინამ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენი ორმხრივი სურვილი იყო, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო სანამ პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდებოდა. ჩვენ ევროკავშირი ჩვენს როლს ვხედავთ, როგორც საქართველოს კარგი ელჩის როლს", - აღნიშნა სხეტინამ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება მისი მთავარი პრიორიტეტი სწორედ აღმოსავლური პარტნიორობისა და იმ ქვეყნების საკითხი იქნება, რომელთაც გაწევრიანება სურთ.
"სექტემბერში ორი შეხვედრა იგეგმება. პირველი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო მინისტრებისა და თვის ბოლოს აღმოსავლური პარტნიორობის პრეზიდენტების შეხვედრა, სადაც იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პოზიცია კარგად იქნება გამოხატული", - აცხადებს სეიმის თავმჯდომარე და აქვე დასძენს, რომ პოლონეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე.