სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა ქვეყნის მოსახლეობას ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად მიმართა. ასადი სირიელებს ეროვნული დიალოგისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ბევრ სირიელს აქვს ლეგიტიმური მოთხოვნები და მთავრობამ მათ უნდა მოუსმინოს.
"მე შეხვედრებს ვმართავდი ქვეყნის ყველა რეგიონის მოსახლეობასთან. მინდა გითხრათ, რომ მათგან ძალიან ბევრი რამე მოვისმინე და დიდი სიყვარული ვიგრძენი ჩემს მიმართ", - განაცხადა ასადმა.
ასადი ინიციატივით გამოვიდა, რომ შეიცვალოს კონსტიტუცი. სირიის პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციის შეცვლის პროცესში ყველა მოქალაქეს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.
ასადის თქმით, სირიაში რაც ხდება არის გაკვეთილი იმ ადამიანებისთვის, ვინც ქვეყნისა და მის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავს.
"სირიაში რაც ხდება არის გაკვეთილი, იმათთვის ვისაც სურს რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ
შეთქმულება მოაწყოს და მთავრობა დაამხონ. შეთქმულებები მიკრობებს გავს, რომელიც მუდამ მრავლდება. ეს შეთქმულებები დაიგეგმა ქვეყნის საზღვრის გარეთ. მიმდინარეობს ზეწოლა, რომ ჩვენი პოზიციები და პრინციპები დავთმოთ. ეს ქვეყნისთვის გადამწყვეტი მომენტია. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანების სისხლი დაიღვარა. ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდება და სირია იქნება ერთსულოვანი და ბედნიერი", - განაცხადა ასადმა.
სირიაში არეულობები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. არეულობები დემონსტრაციებს მოჰყვა, სადაც მომიტინგეები ასადის მთავრობის გადადგომასა და საგანგებო რეჟიმის შეწყვეტას მოითხოვდნენ. ძლიერი შეტაკებები თურქეთი-სირიის საზღვართან მიმდინარეობს. უშიშროების ძალები საზღვრის დაკეტვას ცდილობენ, რათა მოქალაქეების თურქეთში მასობრივი გადასვლა შეწყდეს.