ქართული მხარე ბათუმში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის შესვლასთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთებას არ იზიარებს.
„რუსეთს ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი ეთქმის, რადგან ეს არის ორი სუვერენული სახელმწიფოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაგეგმილი წვრთნები, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, წვრთნები, რა მიზნითაც ამერიკული ხომალდი შავ ზღვაში შემოვა, „რეგიონის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება".
„ამერიკის სამხედრო ხომალდის შავ ზღვაში რეგულარულად შემოსვლა ცხადყოფს, რომ შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანია და დიდი ყურადღება ექცევა რეგიონში არსებული სტაბილურობის შენარჩუნებასა და მისი ხარისხის ამაღლებას", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ 20-23 ივნისს ბათუმი ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდს „მონტერეი CG-61"-ს უმასპინძლებს. ამერიკელი სამხედროების მიზანია საქართველოს სანაპირო დაცვის ძალებთან უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება. „მონტერეი CG-61" ბაზირებულია ნორფოლკში (ვირჯინიის შტატი). მისი ეკიპაჟი 370-კაცამდე შეადგენს, საიდანაც 43 ოფიცერია. ხომალდი ბათუმში ოდესიდან შემოვა, სადაც იგი უკრაინელებთან ერთად ერთობლივ წვრთნებს გადიოდა. აღნიშნულს უკვე მოჰყვა მოსკოვის გაღიზიანება.
მასალის გამოყენების პირობები