საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მიერ 10 ქართველის დაკავებას რუსეთის თავხედური პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.
„ეს არის რუსი ოკუპანტების მიერ მიზანმიმართული პოლიტიკის გაგრძელება. მათ სურთ თავხედურად და დემონსტრაციულად მოახდინონ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა იმ მოწოდების იგნორირება, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას გულისხმობს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს", - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, მსგავსი ინციდენტები ცხადყოფს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული განუკითხაობაა და ადამიანის უფლებების დარღვევა იქ ყოველდღიურ პრაქტიკას წარმოადგენს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ეს არის სამწუხარო ტენდენცია და ვფიქრობთ, ეს ნეგატიური ტენდენცია შენარჩუნდება მომავალშიც", - აღნიშნა კალანდაძემ.
აღნიშნულის კონტექსტში, მინისტრის მოადგილე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და მოუწოდებს, „რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება მოხდეს".
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა გუშინ კიდევ 10 ქართველი დააკავეს.