"ქართული პარტია" 18 ივნისს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. როგორც პარტია მიიჩნევს, რუსი ოკუპანტების მხრიდან უკანონო ქმედებები გრძელდება.
"რუსეთის საოკუპაციო არმიის წარმომადგენლები პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობენ, რაც ე.წ „საქართველო- სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის" სიახლოვეს ქართული მოსახლეობის უსაფუძვლოდ დაკავებაში გამოიხატება. მორიგი ასეთი უკანონო ქმედება რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა 18 ივნისს განახორციელეს. ამჯერად მათ ონის რაიონის სოფელ ღარის 10 მცხოვრები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საეკლესიო დღესასწაულს აღნიშნავდნენ. საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი „ერთმორწმუნე" რუსი დამპყრობლები რელიგიურ ღირებულებებსაც არ უწევენ ანგარიშს და სალოცავად წასულ ადამიანებს აპატიმრებენ", - აღნიშნულია "ქართული პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ქართული პარტიისთვის" შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოახერხა მსგავსი ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შემუშავება და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
"სწორედ სააკაშვილის რეჟიმის ავანტიურისტულმა და გაუწონასწორებელმა ქმედებებმა განაპირობა ქვეყნის შუაგულში საოკუპაციო რეჟიმის არსებობა, რაც საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან ცხოვრებას, ისე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. „ქართული პარტია" გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მორიგ პროვოკაციულ ქმედებას და მოითხოვს დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. „ქართული პარტია" მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩაერთოს 18 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამოძიებაში და ადეკვატური შეფასება მისცეს მომხდარს", - იუწყება "ქართული პარტია".