ვაშინგტონში რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხის შესახებ, კონსულტაციები დაიწყო. ტექნიკური კონსულტაციების მორიგ რაუნდს ამერიკელ კოლეგებთან ერთად რუსული მხრიდან მაქსიმ მედვედკოვი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, "შეხვედრებზე არავითარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოსალოდნელი არ არის".
აშშ-ში მოლაპარაკებების შემდეგ, ეს პროცესი ჟენევაში გაგრძელდება, შემდეგ კი მოსკოვში გადაინაცვლებს. როგორც ცნობილია, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე 17 წელია მიმდინარეობს.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ როდის დასრულდება მისი აზრით რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი მედვედკოვმა განაცხადა, რომ ეს კითხვა მას არ ეხება. მანვე გაიხსენა, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ელვირა ნაბიულინას მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ თუ ამ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების" მიღება ივლისის ბოლომდე არ მოხერხდა, პროცესი შესაძლოა წლების განმავლობაში გაიწელოს.
მედვედკოვმა ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა შეიძლება თუ არა საქართველოს გვერდის ავლით რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება.