"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები" რეგიონებში გასვლებს და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. დღეს, 20 ივნისს ისინი სამეგრელოს რეგიონში ჩავლენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ედპ-დან აცნობეს, 11:00 საათზე, ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმში"ედპ-ის სამეგრელოს რეგიონალური კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, პარლამენტის წევრი გურამ ჩახვაძე, ედპ-ის პოლიტიკური მდივანი გოგა გოგნიაშვილი და პარტიის სამეგრელოს რაიონული და ზუგდიდის საქალაქო ორგანიზაციის 300 დელეგატი.
"აღნიშნული კონფერენცია მიზნად ისახავს ედპ-ის პარტიული სტრუქტურების განახლებას, პარტიის წევრების მობილიზებას, სამომავლო პოლიტიკური გეგმებისა და რეგიონში პარტიის სამოქმედო სტრატეგიის განსაზღვრას", - აცხადებენ პარტიაში.
კონფერენციის შემდეგ პარტიის ლიდერები ზუგდიდის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდებიან, სადაც მოხდება ედპ-ს პოლიტიკური პოზიციების გაცნობა და პარტიის ლიდერები მოსახლეობის მხრიდან მათ მოსაზრებებს მოისმენენ.
კერძოდ, 21 ივნისს გაიმართება შეხვედრა ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში. შეხვედრებზე მოსახლეობა გაეცნობა პარტიის სამოქმედო გეგმებს, მის დამოკიდებულებას მიმდინარე პოლიტიკური საკითხებისა და განსაკუთრებით საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.