დღეს, 20 ივნისს, ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში დიალოგი გაიმართება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან აცნობეს, დისკუსიებზე განიხილავენ საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის, 26 მაისის მოვლენები და განცხადებები ქართული პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ, ასევე, საქართველოში მედიის მიმართ დამოკიდებულების შესახებ.
„ევროკავშირი კვლავაც დიდ ინტერესს იჩენს საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართ და ყურადღებით აკვირდება ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას. ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი ორმხრივი პროცესია და საშუალებას აძლევს მხარეებს, აღიარონ მიღწეული წარმატება და დააყენონ პრობლემური საკითხები. ევროკავშირი კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგის მორიგი რაუნდის წინ ჩატარდა შეხვედრა ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ევროკავშირი დიდი ინტერესით მოელის ინფორმაციას საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით", - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ფილიპ დიმიტროვის განცხადებაში.