საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, რუსეთს საქართველოს წარმატებები აღიზიანებს და ამიტომ ცდილობს ქვეყანაში შიდა დესტაბილიზაცია მოაწყოს.
ამის შესახებ ბაქრაძემ ტელეკომპანია "ალ ჯაზირასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"სირთულეებისა და რუსეთის ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ წარმატებულები. სწორედ ეს აღიზიანებს რუსეთს და ცდილობს ქვეყანაში შიდა დესტაბილიზაციის მოწყობას", - განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, პარლამენტის სპიკერმა გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 10 წლის წინ საქართველო, კორუფციის თვალსაზრისით, "შესასწავლ ობიექტს" წარმოადგენდა, ახლა კი "ტრანფარენს ინტერნეიშენელის" თანახმად, კორუფციასთან ნომერ პირველ მებრძოლ ქვეყნად არის დასახელებული.
"ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელმაც წარმატებული გარდაქმნა შესძლო. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ წარუმატებლად მიიჩნეოდა, დღეს კი, მსოფლიო ბანკის მიერ აღიარებულები ვართ, როგორც მსოფლიოს ნომერ პირველი რეფომატორი ქვეყანა", - აცხადებს ბაქრაძე.
მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ, მოსახლეობის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულება უნდობლობით გამოირჩეოდა, დღეს კი პოლიციასა და ჯარს საზოგადოების 87 %-იანი ნდობა აქვს.