საქართველოსა და საფრანგეთს შორის მეგობრობაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის თანამშრომლობის მინისტრი ანრი დე რენკური წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. ორდენი მინისტრმა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ განსაკუთრებით გამოხატული მეგობრობისთვის მიიღო. ანრი დე რენკური აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. გუნშინ მან კახეთში, გურჯაანში ფრანგული გრანტით დაფინანსებული საავადმყოფო გახსნა. მისი მეშვეობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოში საქართველოს ჩართვის საკითხიც განიხილება, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება ქვეყანაში სხვა და სხვა პროექტების დაფინანსება.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენი საქართველოში მიღება, საქართველო არის თქვენი მეორე სამშობლო და თქვენ სამშობლოში ჩამობრძანდით, როგორც მისი განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოვიდეს საფრანგეთის განვითარების სააგენტო. საფრანგეთი საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეულ დროს იყო ჩვენს გვერდით და დარწმუნებული ვართ, რომ განვითარების დროსაც ჩვენს გვერდით იქნება. თვენ ხართ ბევრი ორდენის მფლობელი მაგრამ მე მსურს გადმოგცეთ წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაჯილდოების ცერემონიალზე.