სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლურ ეკლესიაში განხეთქილება გრძელდება, კერძოდ, აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებული ეკლესიის საეკლესიო საბჭო და სულიერება საგანგებო თათბირზე შეიკრიბა და განცხადება მიიღო, რომელშიც მოუწოდებს მრევლს სასულიერი პირებისგან დოროფეი დბარისა და ანდრეი ამპარისგან ზიარება არ მიიღონ. აღნიშნული განცხადება აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესიის ინტერნეტ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "მიმდინარე წლის მაისის თვეში აფხაზეთის მართლმადიდებულ ეკლესიას განხეთქილება ეწვია" და იქვე განმარტებულია, რომ ორმა სასულიერო პირმა დოროფეი დბარმა და ანდრეი ამპარმა ეკლესიის უმაღლესი სადავეების ხელში ჩაგდების მიზნით აფხაზეთის ეკლესიაში განხეთქილება მოაწყვეს.
"ყველა სამოციქულო და მართლმადიდებლური კანონის დარღვევით, მათ აფხაზეთის მიწაზ რაღაც "საეკლესიო" სტრუქტურა შექმნეს, რომელსაც "წმინდა მიტროპოლია" უწოდეს და რომელიც უკანონოდ დააფუძნეს, აფხაზეთის მართმადიდებლური ეკლესიის კუთვნილ ახალი ათონის მონასტერში", _ ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ორივე სასულიერი პირებისადმი არაერთი მოწოდების შემდეგ მონანიელბის შესახებ, უმაღლესი სასულიერი ხელისუფლება იძულებული გახდა მათთვის ღვთისმსახურება ერთი წლით შეეწყვიტა.
განცხადების მიხედვით, დოროფეი დბარსა და ანდრეი ამპარს მაიკოპისა და ადიღეს ეპისკოპოსმა ტიხონმა აკრძალვა დაადო და ერთი წლის განმავლობაში როგორც ტაძარში ასევე მის გარეთ ყოველგვარი სასულიერო რიტუალების ჩატარება აუკრძალა.
"მიუხედავად ამ აკრძალვისა, ეს სასულიერო პირები ამ აკრძალვას არ დაექვემდებარნენ და ახალი ათონის მონასტერში ღვთისმსახურებას განარგძობენ. მათ მიერ ჩატარებულ ღვთისმსახურებას ის მართლმადიდებელი მრევლი ესწრებოდა და ეზიარებოდა, რომელმაც აღნიშნული აკრძალვის შესახებ არაფერი იცოდა", _ ნათქვამია განცხადებაში და ხაზგასმით აღნიშნულია მოწოდება მრევლისადმი არ დაესწრონ ამ ორი სასულიერო პირის მიერ ჩატარებულ ღვთისმსახურებას ახალი ათონის მონასტერში.