პარიზში გლობალური უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი 28-ე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე. კონფერენციაში მონაწილეობენ აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, თავდაცვის მინისტრები, ნატო-ში ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები, ნატო-ს უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცრები და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე ისეთი მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების ხელმძღვანელები, როგორიცაა ნორთროპ გრუმანი (Northrop Grumman) და მაიკროსოფტი (Microsoft).
კონფერენციაზე განიხილება გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ახალი გამოწვევები და საფრთხეები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების- ნატო-სა და ევროკავშირის როლი უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში.
კონფერენცია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ბატონმა ჟერარ ლონგემ გახსნა.
კონფერენციაზე ვიცე პრემიერ მინისტრი ეუთოს გენერალური მდივნის, გაეროში ხორვატიის მუდმივი წარმომადგენლის, ევროკავშირში რუსეთის ფედერაციის ელჩის, ხორვატიის, სლოვენიის, მონტენეგროს, ბოსნია ჰერცეგოვინას და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის თანამონაწილეობით სიტყვით გამოვიდა იმ სესიაზე, სადაც განიხილებოდა ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონების უსაფრთხოების საკითხები. გიორგი ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის აღიარების აუცილებლობაზე, რუსეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვის აუცილებლობაზე.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაცვლად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა, რუსეთი ინტენსიურად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას და ზრდის როგორც იქ წარმოდგენილ სამხედრო კონტინგენტს, ასევე შეიარაღებას. გიორგი ბარამიძემ, ასევე ისაუბრა საქართველოში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის ორგანიზების მუდმივ მცდელობებზე, მათ შორის, ტერორისტული აქტების განხორციელების ფაქტებზე, რომელთაც შესაბამისი საერთაშორისო რეაგირება უნდა მოყვეს. სესიაზე გაიმართა დებატები რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელსა და ვიცე პრემიერ-მინისტრს შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემაზე.
მასალის გამოყენების პირობები