საქართველოს პრეზიდენტს პერსონალური დაცვის მოხსნის უფლებამოსილება ენიჭება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში.
დღეს მოქმედი ნორმის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
ასევე, საქართველოში ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს;
დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს საქართველოში; "საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებს.
შესაბამისად მოქმედი კანონის თანახმად პრეზიდენტის მხოლოდ პერსონალური დაცვის დანიშვნის უფლება ჰქონდა, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებით ქვეყნის პირველ პის დაცვის მოხსნის უფლებამოსილებაც ეძევა.
ამასთან, ჩამონათვალს ასევე ემატება "სხვა მნიშვნელოვან პირებისთვის", პერსონალური დაცვის დანიშვნაც, თუმცა რა კრიტერიუმებით განისაზღვრება აღნიშნული კატეგორია უცნობია. ასევე, პერსონალური დაცვის დასანიშნ პირთა ჩამონათვალში საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე აღარ არის შეტანილი.
კერძოდ კი, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს ან მოეხსნას - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების პერიოდში, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მას ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს საქართველოში;
"საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონით განსაზღვრულ პირებს; სხვა მნიშვნელოვან პირებს.
კანონპროექტის ავტორი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურია, ინიციატორი კი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.