დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ ალექსანდრე ებრალიძის მიერ პეტერბურგში ორგანიზებული საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთული დიასპორების წარმომადგენელთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა კრიმინალის წახალისებაა.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ინფორმაციით, საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთულ დიასპორათა წარმომადგენელთა საერთაშორისო კონფერენცია 15 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგში იმართება.
"რუსეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა გვაცნობეს, რომ პეტერბურგში მცხოვრები კრიმინალური წარსულის მქონე ბიზნესმენი, ვინმე ალექსანდრე ებრალიძე, რომელიც საკუთარ თავს "საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტს უწოდებს, 2009 წლის 15 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგში "საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთულ დიასპორათა წარმომადგენელთა საერთაშორისო კონფერენციის" ჩატარებას გეგმავს. მისი თქმით, კონფერენციის მიზანია, მოამზადოს "მსოფლიოს ქართული დიასპორის საერთაშორისო ფორუმი". მიგვაჩნია, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობა კრიმინალი ებრალიძის წახალისებაა, რათა შემდგომში მან საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის უდიდესი ნაწილი უარს ამბობს კონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე", _ ნათქვამია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი იმედს გამოთქვამს, რომ ქართული დიასპორა ღირსეულ პოზიციას დაიკავებს და მონაწილეობას არ მიიღებს ებრალიძის ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი მიზნების განხორციელებაში.
"მაგრამ თუ კი ვინმე ჩვენი თანამემამულეთაგან შემთხვევით მოხვდება ებრალიძის "კონფერენციაზე", ვიმედოვნებთ, რომ იგი შეძლებს ადგილზე ამხილოს ებრალიძე და მისი თანამოაზრეები, როგორც საქართველოს მტრები", _ ნათქვამია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.