"ხალხის პარტიის" ლიდერი, კობა დავითაშვილი, აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში სასარგებლო საკანონმდებლო ინიციატივების მიღება მხოლოდ პარლამენტს გარეთ რამდენიმე ათასი ადამიანის ზეწოლის შედეგადაა შესაძლებელი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კობა დავითაშვილმა განუცხადა, ის პარლამენტში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან პარლამენტში მისი მუშაობა აზრს კარგავს.
"პარლამენტში დაბრუნებას არ ვაპირებ, რადგან ამას არავითარი აზრი არ აქვს. პარლამენტში ნორმალური საკანონმდებლო ინიციატივის მიღება მხოლოდ გარედან რამდენიმე ათასი ადამიანის ზეწოლით არის შესაძლებელი", _ განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტში მის მიერ წარდგენილი კანონპროექტისთვის საჭირო 30 ათას ხელმოწერას 45 დღის განმავლობაში წარადგენს პარლამენტში.
"ბლანკები მივიღეთ 10 დეკემბერს და 30 ათასი ხელმოწერის პარლამენტში წარდგენის ვადა 45 დრეში გვეწურება და ამ ხელმოწერებს წარვადგენთ", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავითაშვილის კანონპროექტის ინიცირება მოხდა. კანონპროექტი პენსიების მატებას ითვალისწინებს.